სამართალი
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი და დმანისის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა კომპანიამ დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომლის მოთხოვნების თანახმად, კომპანიას ოთხი ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით 546 882 ლარი, უნდა განეხორციელებინა.

ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს. ასევე, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობები. აღნიშნული ქმედებით, დანაშაულში მხილებული პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საერთო ჯამში 143 451 ლარს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ევალებოდა, არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე, რითაც ხელი შეუწყო ბრალდებულების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google