სამართალი
ველისციხეში "ნაციონალებსა“ და ადგილობრივებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ, სოფელ ველისციხეში "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამის შესახებ speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობითვე, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და რამდენიმე ადგილობრივს შორის სოფელ ველისციხეში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

,,ნაციონალური მოძრაობის,, კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებოდნენ, რა დროსაც ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა და მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა. შოშიაშვილი კი აღნიშნულ პროცესში ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს.

სამართალდამცველებმა ბიზნესმენი და „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი გუშინვე დაკითხეს.




| Print |
FaceBook Twitter Google