სამართალი
გურჯაანის სასამართლომ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დავით კირკიტაძის გათავისუფლების შესახებ და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა მოსამართლეს დღეს საქართველოს 15 000 მოქალაქის ხელმოწერა, ასევე პარლამენტის 27 წევრის თავდების წერილი წარუდგინა და ამის საფუძველზე კირკიტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.

"დღევანდელ პროცესზე თავდებები არ არიან წარმოდგენილნი, რომ განვუმარტო რა არის თავდებობა და რა პასუხისმგებლობაა. ეს შუამდგომლობა სათანადოდ არ იყო მომზადებული", - განაცხადა მოსამართლემ.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და განაცხადა, რომ აქციაზე პარლამენტარების ყოფნამ, დანაშაულის ჩადენას ხელი ვერ შეუშალა და მათი პირადი თავდებობა კირკიტაძისთვის შემაკავებელი ვერ იქნება.


ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.
| Print |
FaceBook Twitter Google