სამართალი
კომენდანტის საათის დარღვევისთვის საქართველოში 59 მოქალაქე დააჯარიმეს
პოლიციამ, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 55 მოქალაქე დააჯარიმა.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ასევე გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 19 პირი დააჯარიმეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის სულ 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.


| Print |
FaceBook Twitter Google