სამართალი
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოვლინდა
26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 68 მოქალაქე დააჯარიმა.

მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 23 პირი დააჯარიმეს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 23 მოქალაქე დააჯარიმეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის სულ 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.


| Print |
FaceBook Twitter Google