სამართალი
მიტოვებული ჩვილის დედა დააკავეს [Video]
ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ჩვილის დედა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ. ტ. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სიღნაღში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქალმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, გამთენიისას, სოფელ ქვემო ბოდბეში იმშობიარა და პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი ამავე სოფლის ტერიტორიაზე დატოვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და ჩვილი დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს,“ - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




| Print |
FaceBook Twitter Google