სამართალი
მოძალადეებს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდებათ - პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა
ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ძალადობის განმეორების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელდება.
საქართველოს კანონის და სხვა თანმდევი ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

გათვალისწინებული იქნება,  მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი მოხდება.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი დაექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება.

მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა. ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია, ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.

საკანონმდებლო პაკეტი ძალაში  2020 წლის 1 სექტემბერს შევა. 


| Print |
FaceBook Twitter Google