სამართალი
პანკისში, შორტებით სიარულის გამო მამა-შვილის ცემისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.
მანამდე, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გუშინ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1 პირი - 1998 წელს დაბადებული ისლამ ფარეულიძე ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა.

-"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით,"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში, 8 აგვისტოს, მამა-შვილი იმის გამო სცემეს, რომ ქუჩაში შორტებით გადაადგილდებოდნენ. 


| Print |
FaceBook Twitter Google