სამართალი
ამნისტია გავრცელდეს იმ პატიმრებზეც, რომელთაც გრძელვადიანი სასჯელი აქვთ- თეა წულუკიანი
მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ ამნისტია გაფართოვდეს. ჩვენ დაგვჭირდება, დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ შეღავათი იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ გრძელვადიანი სასჯელი- ამის შესახებ თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, საქართველო, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ, კვლავ არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროსაბჭოს სივრცეში, რომელსაც ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს. სანამ მე თანამდებობას დავტოვებდი, 7 500 მსჯავრდებული და 2 500 ბრალდებული ჰყავს ქვეყანას, რაც პატარა ქვეყნისთვის ბევრია. ამას ვერ უშველის პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი, მაგრამ ეს ვერ ჩაანაცვლებს ამნისტიას, მითუმეტეს, რომ შეწყალების ინსტიტუტი საკმაოდ პასიური გახდა. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეეხება ოჯახში ძალადობას, რადგან, შეიძლება, უფრო ცუდ შედეგებამდე მივიდეთ“ - განაცხადა მან.

ამნისტიის აქტი ძირითადად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს ეხება. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები ეხება დღეისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 800-მდე თავისუფლებააღკვეთილს. ამნისტია არ ეხებათ ნარკოტიკების ან მისი ანალოგი საშუალებების რეალიზატორებს. იმ შემთხვევაში, თუ კანონის პროექტში ცვლილება შევა, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებიც ამნისტიით შეძლებენ სარგებლობას.

| Print |
FaceBook Twitter Google