სამართალი
კახეთში პოლიციის სამმართველოებს ახალი უფროსები ჰყავთ
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხუთ რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. ახმეტის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის გარდა ხელმძღვანელები ყველგან შეიცვალნენ.
გურჯაანის პოლიციის უფროსად 34 წლის ბესიკ აფაქიძე დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან ამ დრომდე ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.

საგარეჯოს პოლიციას 35 წლის ლევან მაისურაძე უხელმძღვანელებს, ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე.

რაც შეეხება სიღნაღს, აქ პოლიციის უფროსად 46 წლის ზურა მუჯირიშვილი დაინიშნა, რომელიც 2016 წლიდან ამ დრომდე ჩოხატაურის პოლიციას ხელმძღვანელობდა.

პოლიციის უფროსი შეიცვალა თელავშიც. თანამდებობაზე 37 წლის ნუკრი ცარციძე დაინიშნა. ის მანამდე ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა.

ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსი 41 წლის კახა ბერუაშვილი გახდა, რომელიც მანამდე ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო.

ცნობისთვის, რაიონულ სამმართველოებში გადაადგილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შეიცვალა. ზურაბ ბერიკაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტმენტში, ნარკოლოგიური სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს, მის ადგილას კი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ მურადაშვილი დანიშნეს, რომელიც მანამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.


| Print |
FaceBook Twitter Google