სამართალი
თელავში სუს-ის შენობასთან ტორესა მოსი დააკავეს
თელავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან „გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქტივისტი, მწერალი ტორესა მოსი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა , გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალქო საავადმყოფოში- ამ მოთხოვნებით, პოლიტიკური პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წარმომადგენელი, მწერალი ტორესა მოსი სახელმწიფო უსაფრთხოების კახეთის რეგიონულ სამსახურთან საკუთარი ავტომობილით მივიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მას ტერიტორიის დატოვება იმ მიზეზით მოსთხოვეს, რომ ის შენობის შესასვლელის ბლოკირებას ახდენდა. მწერლის უარის შემდეგ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფი მივიდა, რომლებმაც დაკეტილ ავტომობილში საბაგულიდან შეაღწიეს და ისე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრებმა და აქტივისტებმა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავსა და გორში სუს-ის შენობებთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და დაწესებულების შესასვლელში ავტომობილებით გაჩერდნენ. აქცია-პერფორმანსის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები იყო: სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი ბარიერით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ საავადმყოფოში.

| Print |
FaceBook Twitter Google