სამართალი
შსს-მ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული სამძებრო ღონისძეიებების შედეგად საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული თ. ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სოფელ ლამბალოში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 2 მჭიდი.

"ამავე დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული დ. ლ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.
მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს "ნაგანის" ტიპის 2 პისტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ყვარლის რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა." - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 7წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.



| Print |
FaceBook Twitter Google