სამართალი
ქართული ხორბალი რუსულ პროდუქტად საღდებოდა - კომპანიების თაღლითური სქემა
ოთხი მოქალაქე ქართული წარმოშობის ხორბალს რუსულ პროდუქტად ასაღებდა, რის საფუძველზეც, მათმა კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს გარკვეული თანხის დღგ-ს ჩათვლა. 

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევები პასუხისგებაში მისცეს. მათი ცნობით, ისინი ჯგუფურად ამზადებდნენ და იყენებდნენ საგადასახადო დოკუმენტებს მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით. ჯამში, საუბარია 310 714 ლარზე.

„ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის განმავლობაში, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდნენ ქართული წარმოშობის ხორბლის შეძენას, რის შემდეგაც, აღნიშნულ საქონელს რეალიზაცია უკეთდებოდა როგორც რუსული წარმოშობის ხორბალი, რა გზითაც შემძენი კომპანიები იღებდნენ დღგ-ს ყალბ ჩათვლებს.

დადგენილია, რომ აღნიშნული ოპერაციების შედეგად, კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310 714 ლარის ოდენობის დღგ-ს ჩათვლა.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად, დღგ-ს აღნიშნული ყალბი ჩათვლები სრულად იქნა გაუქმებული,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ დროისთვის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google