სამართალი
UNHCR: რამდენით გაიზრდება უკრაინელი ლტოლვილების დახმარება
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ორი თვის განმავლობაში 235 ლარით დაეხმარება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველი აგვისტოდან უკრაინელი ლტოლვილები ვეღარ ისარგებლებენ აქამდე მოქმედი სქემით, რომლითაც ისინი სასტუმროებში უსასყიდლოდ ცხოვრობდნენ.

„ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR), ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს მთავრობის გულისხმიერებასა და გულუხვობას, რომელიც მან ომსგამოქცეული უკრაინელების მიღებისას გამოიჩინა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში სასტუმროებში უმასპინძლა უკრაინელთა მნიშვნელოვან რაოდენობას, მთავრობა ახლა სთავაზობს დახმარებას ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს, რათა გადაადგილდნენ და დაიწყონ ინტეგრაცია საქართველოს სხვადასხვა ადგილას, მას შემდეგ, რაც 1-ელი აგვისტოდან შეწყდება სასტუმროებში უსასყიდლოდ განსახლების აქამდე მოქმედი სქემა.

სახელმწიფოს მიერ დაწესებულ 3-თვიან დახმარებას (300 ლარი ოჯახზე + 45 ლარი ერთ ადამიანზე) მთავრობის თხოვნით, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო საქართველოში (UNHCR) დაამატებს საკუთარ ფინანსურ დახმარებას. 2 თვის განმავლობაში გამოყოფს 235 ლარს თვეში ერთ ადამიანზე მოწყვლადობის არსებული კრიტერიუმების გათვალისწინებით. UNHCR-ის დახმარება მოცემულია ფულადი დახმარების არსებული პროგრამის შესაბამისად სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის, მათ შორის უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში.

ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სოლიდარობას, რომელიც მასპინძლობს და ეხმარება უკრაინელებსა და სხვა ლტოლვილებს, რათა მათ თავიდან დაიწყონ ცხოვრება ომისა და დევნის შემდეგ. ჩვენ ყველანი ვდგავართ ლტოლვილთა გვერდით!“ - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google