სამართალი
კლინიკა „კანვენის“ ექიმს დირექტორის მოკვლის მცდელობისთვის პატიმრობა შეეფარდა
დღეს, 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კლინიკა „კანვენის“ ექიმს, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძეს, რომელსაც კლინიკის დირექტორის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თეიმურაზ ბეჟანიძემ თქვა, რომ მას კლინიკის დირექტორის მოკვლა არ ჰქონდა განზრახული და მან მისი შეშინების მიზნით გაისროლა.

"კუთხეში გავისროლე. ამ დროს ადგა თუ არ ვიცი და მხარში მოხვდა. მე რომ მისი მოკვლა მდომოდა, პირისპირ ვიყავით, არ ავაცილებდი. გული სად არის და თავი- სად, ექიმმა კაცმა ვიცი და იმას არ ავაცილებდი. ყოფილი ოფიცერი ვარ, იარაღიც მესმის. ეს არ მქონდა განზრახული, მოხდა [გასროლა] შეშინების მიზნით, რადგან მან სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა. კონდიციონერის პულტი არ მივეცი და ამაზე განაწყენდა... 25 წელი ერთად ვმუშაობდით, როგორც შვილი, ისე მყავდა. ჩემს ხელში გაზრდილია", - უთხრა თეიმურაზ ბეჟანიძემ მოსამართლეს.

ბრალდებულის ასაკისა და იმის მიუხედავად, რომ იგი ამ დრომდე არასდროს ყოფილა ნასამართლევი, მოსამართლე მისთვის სხვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას არ დათანხმდა.

" ბატონო თეიმურაზ, მესმის თქვენი ასაკი. ძალიან მიჭირს ამხელა პასუხისმგებლობა. მესმის, რომ ნასამართლევი არ ხართ. რამ გამოიწვია[გასროლა], ამას გამოძიება დაადგენს. გამოძიება დაადგენს და სასამართლო იმსჯელებს იმ ფაქტზე. დღეს თქვენ ბრალი წარდგენილი გაქვთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.

ამ ეტაპზე ვერც მე და ვერც სხვა მოსამართლე სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. დაზარალებული გამოჯანმრთელდება. თქვენი ასაკიდან, თქვენი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. უკაცრავად, მე ამ ეტაპისთვის სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი", - უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შემდეგ სასამართლო სხდომამდე, 20 სექტემბრამდე შეეფარდა.

თეიმურაზ ბეჟანიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 აგვისტოს გაავრცელა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი - 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა", - აღნიშნული იყო შსს-ს განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google