სამართალი
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი უდანაშაულოდ ცნო
დღეს, 8 აგვისტოს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ დარბაზიდან გაათავისუფლა კახელი ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი, რომელიც 8 თვის წინ დააპატიმრეს.

პროკურატურა მას პისტოლეტის უკანონოდ შეძენასა და ტარებას ედავებოდა.

34 წლის ლევან ბიძინაშვილს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული- იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარება, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავები, რომლებმაც ლევან ბიძინაშვილი დააკავეს, ამტკიცებდნენ, რომ 2021 წლის დეკემბერში, სოფელ ტიბაანის გზაზე მიმავალი ბიზნესმენი პოლიციას არ დაემორჩილა, ავტომანქანა არ გააჩერა და იგი დევნის შემდეგ დააკავეს.

გამოძიების მასალების თანახმად, ჩხრეკის დროს, ბიძინაშვილს არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. თავად ბიძინაშვილი გამოძიების ვერსიას არ იზიარებდა, ბრალს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ იარაღი ჩაუდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ბრალდებული გამოძიების გაყალბების მიზეზად მეუღლის სახელზე იჯარით გაცემულ 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთით დაინტერესებას ასახელებდა. ბრალდების მხარე, სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.


| Print |
FaceBook Twitter Google