სამართალი
საგარეჯოში სროლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაიჭრა
საგარეჯოში კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელებული სროლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაიჭრა. მათ შორისაა შინაგანსაქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი.

„გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.“ - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.




| Print |
FaceBook Twitter Google