სამართალი
თელავში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რეგიონალური სამმართველო გაიხსნა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, თელავში, ერეკლე II-ის გამზირი, №16-ში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო გაიხსნა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით , - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ოფისის გახსნა მიზნად ისახავს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, ახალი ოფისი მოადგილეებთან და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

„სპეციალურ საგამოძებო სამსახურს კახეთის რეგიონში ახალი თანამედროვე ოფისი შეემატა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ბავშვის გარემოზე მორგებული არასრულწოვანი მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულის ოთახით, გამოკითხვის და ამოცნობის ოთახებით. წლების მანძილზე რეგიონალური ოფისის არქონის გამო, გამომძიებლებს თბილისიდან უწევდათ ხოლმე კახეთში ჩამოსვლა და დანაშაულზე რეაგირება. დღეს უკვე აღნიშნული ოფისი გვაძლევს შესაძლებლობას გავზარდოთ სამსახურის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ რეაგირება და მასთან ბრძოლა უფრო დროული და ეფექტური გავხადოთ, “ - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.




ფოტოზე: ირაკლი კბილაშვილი

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ირაკლი კბილაშვილი ამბობს, ოფისის გახსნა უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მარტივ კომუნიკაციას, რაც საბოლოო ჯამში, აღიბეჭდება სისხლის სამსართლის საქმეების ობიექტურ, გამჭირვალე და დროულ გამოძიებაზე.

უწყების ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო, ღია კონკურსის გზით შერჩეული პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას ახლად გახსნილ ოფისში შეუდგნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google