სამართალი
პოლიციამ კახეთში, 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული დააკავა [Video]
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის კაცი დააკავეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე, 1996 წელს დაბადებული, ძებნილი, ა.ს. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 2009 წელს დაბადებულ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო,“ - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ასევე, ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე,ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით.

აქვე შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა დაახლოებით 3 თვის წინ მოიტაცეს და ამ ხნის განმავლობაში, ის გამუდმებით ცდილობდა გაქცევას.

| Print |
FaceBook Twitter Google