სამართალი
შსს-მ მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა დააკავა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. - მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.“ - აცხადებენ შსს-შ.

მათივე ცნობით, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 14 წლის გოგოს ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თუმცა, სამართალდამცველებმა ის ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად დააკავეს.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დაკავება / შსს /