შემთხვევა
აქცია ზემო ბოდბეში - მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
როგორც ისინი ამბობენ, სოფლის კუთვნილი წყალსადენიდან სიღნაღი მარაგდება, რის გამოც მათ წყალი სამ დღეში ერთხელ და ისიც რამდენიმე წუთით მიეწოდებათ.

აქციის შემდეგ ზემო ბოდბის მცხოვრებლებმა წყალსადენთან გადაინაცვლეს, სადაც სიღნაღთან დამაკავშირებელი ხაზი გადაკეტეს და წყალი სოფელში გაუშვეს.

"12 წელია გვატყუებენ, უწყლოდ ვართ დარჩენილები. სამ დღეში ერთხელ მოდის წყალი და ისიც 20 წუთით. ამ სიცხეში უწყლოდ ყოფნა გაუსაძლისია. ჩვენ წინააღმდგები არ ვართ, მისცენ წყალი სიღნაღსაც, მაგრამ ჯერ სოფელი დააკმაყოფილონ. წყალმომარაგების მენეჯერი, მარტია მაზიაშვილი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს წყალს. ჩვენ ამას არ მოვითმენთ." განაცხადა ადგილობრივმა გიორგი კაღაშვილმა .

როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის ცენტრის მენეჯერი მარტია მაზიაშვილი აცხადებს, ჰაერის ტემპერატურის მატების გამო წყლის მარაგი შემცირებულია და ზემო ბოდბეს წყალი გრაფიკით ამ მიზეზით მიეწოდება.

"წინა თვებში ყოველდღე მიეწოდებათ წყალი. ახლა სიცხის გამო მარაგი აღარ გვაქვს და ამიტომ უბნების მიხედვით სამ დღეში ერთხელ ვუშვებთ."


| Print |
FaceBook Twitter Google