საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის
შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო,
ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4
საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა
სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მაშველების მიერ
ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და
უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი,
ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე
სამუშაოებს.
სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი,
ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა
დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა,
დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
სამუშაოები,“ -ვკითხულობთ
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები