საზოგადოება
საზღვრისპირა სოფლის პრობლემა და ერისიმედელები პასუხის მოლოდინში [VIDEO]
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელია. ერისიმედის 15 ოჯახი, წლებია კუთვნილი ქონების დაკანონებას ცდილობს. იმის მიუხედავად, რომ პირადობის მოწმობები მუნიციპალიტეტის სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრში აქვთ აღებული და ერისიმედელებად ითვლებიან, სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების დარეგისტრირებას იმ არგუმენტით ვერ ახერხებენ, რომ სადემარკაციო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

აღნიშნული ინფორმაცია speqtri.ge-მ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს გააცნო, რომელიც ერისიმედელებს დაპირდა, რომ მისი უწყება ვითარებას ადგილზე შეისწავლიდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები და speqtri.ge (კიდევ ერთხელ) სოფელში ერთად ვიმყოფებოდით ამ ოჯახების მდგომარეობის შესასწავლად, რის შემდეგაც სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ვთხოვეთ.

სამინისტროში განგვიცხადეს, ვინაიდან ერისიმედი საზღვრისპირა სოფელია, გადასაწყვეტია დემარკაციის საკითხი, რაც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია არ არის. გაურკვევლობაში მყოფი ერისიმედელები speqtri.ge-ს გამოჩენას იმედით შეხვდნენ. ამიტომ ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო სრულყოფილი მასალის მომზადება და მათთვის კონკრეტული პასუხის გაცემა. თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ოფიციალური უწყების წარმომადგენლები საკითხში გასარკვევად დროს ითხოვენ. ამ ეტაპზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით, რომელსაც ერისიმედელებს და ყველა დაინტერესებულ მკითხველს უახლოეს დღეებში მივაწვდით. 


| Print |
FaceBook Twitter Google