საზოგადოება
"გომელაური გვმფარველობს"- პოლიციელს მუქარაში ადანაშაულებენ
19 წლის ლადი ელიკაშვილის დედა ნანა ჯაშიაშვილი გამოძიებას არაობიექტორობაში ადანაშაულებს, გურჯაანის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომელს რეზო ქადაგიშვილს კი მუქარაში სდებს ბრალს. როგორც ლადი ელიკაშვილი ამბობს, გურჯაანის შს რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი კრაწაშვილი და სამართალდამცველები: შოთა მოსულიშვილი, გიორგი დარეჯანაშვილი და გოჩა აფციაური მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე აღძრა. ძიება სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. როგორც ლადის დედა ჩვენთან საუბარში ამბობს, მას პროკურორთან კითხვები აქვს, თუ როგორ მიდის გამოძიება. პროკურორმა ვაჟა მაღრაძემ კი მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. - "პროკურორს ვაჟა მაღრაძეს დავურეკე, მაინტერესებდა რა ხდებოდა ამ საქმეზე. მიპასუხა, ტელეფონში რა გითხრა, რა დროსაც გინდა, სამსახურში მობრძანდიო. მე, ჩემი შვილი ლადი ელიკაშვილი და ადვოკატი ლია ხუროშვილი წავედით თელავში. რომ გაიგო ადვოკატთან ერთად ვიყავი, გვითხრა, დაკავებული ვარო და მთელი დღის განმავლობაში არ მიგვიღო." ნანა ჯაშიაშვილი ეჭვობს, რომ გამოძიება არაობიექტურად წარიმართება, რადგან საქმეში მონაწილე სამართალდამცველები პროკურორის ძმაკაცები არიან. "გუშინ საავადმყოფოში ვიყავით და იქ ვნახეთ პოლიციელი შოთა მოსულიშვილი, რომელიც ჩემი შვილის ცემაში მონაწილეობდა. ცემის შემდეგ ლადი, სულ ცუდად არის, მეტწილად წევს და ექიმთან კონსულტაციაზე გვყავდა. როდესაც ვკითხე, რატომ ცემეთ-მეთქი, მითხრა, მიბრძანდით, ხომ ჩივიხართ და რაღა გინდათო. შოთა მოსულიშვილმა გვითხრა, გომელაურის დანიშნულები ვართ, ის გვმფარველობს და ვერაფერს გვიზამთო. განა ბოდიშს მაინც მოიხდიან. გიორგი კრაწაშვილი პროკურორის ძმაკაცია. ამიტომ არ მჯერა, რომ სამართლიანად გამოიძიებენ ამ საქმეს. სასამართლოს მერე პროკურატურაში ეთხელ დავიკითხეთ, ამის შემდეგ აღარ შეგვხმიანებიან." ნანა ჯაშიაშვილი ამბობს, რომ შს რაიონული სამმართველოს თანამშრომელი რეზო ქადაგიშვილი მის შვილს დაემუქრა. - "უთხრა, ეგ საქმე ხომ "შეგტენეთ" და ეხლა სხვა რამეს "შეგტენითო." speqtri.ge შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. დამატებითი ინფორმაციისთვის პროკურატურას მივმართეთ, თუმცა უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობენ. თამარ კაპანაძე
| Print |
FaceBook Twitter Google