საზოგადოება
კახეთში გეოგრაფიულ ობიექტებს აღწერენ
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით დამისამართების პროექტის განხორციელებას აგრძელებს. ამ ეტაპზე დამისამართების პროცესი ქვეყნის 20 ქალაქშია დასრულებული. აღწერილია ქუჩები და მათი დასახელებები, გზების პარამეტრები და საგზაო ნიშნები, დანომრილია ამ ქუჩებზე მდებარე შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, იდენტიფიცირებულია მესაკუთრეები, დადგენილია უძრავი ნივთების ტიპები.

აღსანიშნავია, რომ არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მოქალაქეებს ხშირად ექმნებოდათ პრობლემები ქონების რეგისტრაციის, პირადობის მოწმობის აღების, კომუნალური გადასახადების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღების და ა.შ. დროს. შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა აღარ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა. პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს. დამისამართების ერთიანი სისტემა მჭიდრო კავშირშია დაზუსტებული, მუდმივად განახლებადი, საიმედო საარჩევნო სიის ფორმირებასთან. პროექტს საჯარო რეესტრი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

2015 წელს დასრულდა იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისა და აჭარის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი) აღწერა-ინვენტარიზაციაც. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შვედეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გეგმავს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის გეოგრაფიული ობიექტების აღწერა–ინვენტარიზაცია და სამისამართო პროექტების მომზადებას.



| Print |
FaceBook Twitter Google