საზოგადოება
გურჯაანში "ქართული ოცნების" კონფერენციამ ხმაურით ჩაიარა [Video]
გურჯაანში, მუსიკალური სკოლის შენობაში კოალიცია "ქართული ოცნების" კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას პარტიის წევრებთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოლაშვილი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

"დღეს ავირჩიეთ პარტიის თავმჯდომარე გურჯაანში. ეს პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ვირჩევთ ადგილობრივ რაიონულ პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ვატარებთ კონფერენციებს, ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვფიქრობ, პროცესი თებერვლის ბოლოს დასრულდება. "-განაცხადა მან.
პარტიის ერთ-ერთი წევრის კონსტანტინე ბერიძიშვილის თქმით, კონფერენციაზე მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს, სხვა საკითხები განხილული არ ყოფილა.
"ეს სუფთა პარტიული კონფერენცია იყო. ავირჩიეთ თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ბიუროს 5 წევრი და ყრილობის 7 დელეგატი. სხვა არც ერთ საკითხზე არ გვიმსჯელია. "-აღნიშნა მან.

კონფერენციის დაწყებამდე ხმაური იყო მუსიკალური სკოლის შენობასთან. იმის გამო, რომ მიწვეულთა სიაში არ იყვნენ, პროტესტს "ქართული ოცნების"რამდენიმე წევრი გამოხატავდა. მათი თქმით, პარტიის თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია და როგორც მათ აღნიშნეს, ამ საკითხზე კახა კალაძეს ცალკე შეხვდებიან.

შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google