საზოგადოება
ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურები დაიწყო
ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურა დაიწყო. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს უკვე წარუდგინა. საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისათვის, რომ მისი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს.
საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ. კერძოდ, ევროპარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა მოამზადოს დასკვნა, რომელსაც ევროპარლამენტარები პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. ინიციატივა ხმათა მარტივი უმრავლესობით უნდა დამტკიცდეს. ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, გადაწყვეტილება საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება. უვიზო რეჟიმი საკანონდებლო ჟურნალში გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შევა ძალაში, თუ ევროკავშირის საბჭო სხვა თარიღს არ მიუთითებს.
სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონის 26 სახელმწიფოსა და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში - რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად. ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქაალქეები ჩამოთვლილ ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180-დღიან პერიოდში, ჯამში 90 დღით შეძლებენ.
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი სავარაუდოდ, ივნისში გაუქმდება.


| Print |
FaceBook Twitter Google