საზოგადოება
გურჯაანსა და სიღნაღში 1270 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა
სიღნაღის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.  წინასწარი მონაცემებით, სიღნაღსა და გურჯაანში 1270 ჰექტარი ვენახი განადგურდა.

„სოფელ ჩალაუბანში 300 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა, აქედან 150 ჰექტარი 100%-ით განადგურდა, 100 ჰა 50%-ით ხოლო 50 ჰა 20%-ით“-განუცხადა speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

სტიქიამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ძველი ანაგის, ხირსის, ნუკრიანისა და ხორნაბუჯის მოსახლეობაც დააზარლა. ზარალის დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, წინასწარი მონაცემებით 970 ჰექტარი ვენახია დასეტყვილი.

სეტყვამ ქალაქ საგარეჯოს, სოფლებს მანავს, ბურდიანს, კაკაბეთს, პატარა ჩაილურსა და დიდ ჩალურსაც შეუტია. ზარალის დამთვლელი კომისია ახლაც მუშაობს. საგარეჯოს გამგეობა ზარალის ოდენობის შესახებ წინასწარ ინფორმაციას არ გასცემს.

ჯერჯერობით უცნობია, აუნაზღურებენ თუ არა მოსახლეობას სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სტიქია / სეტყვა /