საზოგადოება
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება იწყება
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში 18-დან 35 წლამდე მოქალაქეების მიღებას იწყებს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყება 2016 წლის 19 სექტემბერს. სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით.

10-კვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში რეკრუტი ქვედანაყოფში თანამდებობაზე დაინიშნება.

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი), ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი, სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა; სპორტული ფორმა (ფეხსაცმელი);

საბუთების მიღება წარმოებს 2016 წლის 31 მაისიდან, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“.

| Print |
FaceBook Twitter Google