საზოგადოება
ყოფილი პურკომბინატის ტერიტორიაზე ტრენაჟორები განთავსდება
გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე, ყოფილი პურკომბინატის ადგილას უახლოეს პერიოდში ტრენაჟორები დაიდგმება. ტერიტორია წლების განმავლობაში ეკალ-ბარდით იყო დაფარული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

"აქაურობა ბარდებით იყო სავსე. უხსენებლები პირდაპირ ეზოებში შემოდიოდნენ. წინა კვირას დაიწყეს გასუფთავება. ორი დღე იმუშავეს და გაჩერდნენ. რა კეთდება, ჯერჯერობით, არ ვიცი. კარგი იქნება თუ სკვერს მოაწყობენ, სკამებს დადგამენ და ხალხი საღამოობით სუფთა ჰაერზე დაისვენებს. სასიკეთო საქმეს ჩვენც მივესალმებით და საჭიროების შემთხვევაში, ხეებსაც დავრგავთ," -აღნიშნა ჩვენთან საუბარში 9 აპრილზე მცხოვრებმა ნანა ი-მ.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილმა განაცხადა, ყოფილი პურკომბინატის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, ტრენაჟორები განთავსდება, სადაც ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აქვს პროექტი "იცხოვრე სპორტით, დარჩი ახალგაზრდა". ამ პროექტის ფარგლებში გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მოხდა ადგილის შერჩევა, სადაც განთავსდება გარკვეული ტიპის ტრენაჟორები. გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ამისათვის 9 აპრილის ქუჩა შეარჩია. ვფიქრობთ, კარგი ინიციატივაა და იმედი გვაქვს, სპორტით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება. ფართი მოვასუფთავეთ. დღეს სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვლენ და ტერიტორიას დაათვალიერებენ. სამუშაოები კი ხვალიდან დაიწყება."

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორიის გასუფთავებას და სკვერის მოწყობას, მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა.
| Print |
FaceBook Twitter Google