საზოგადოება
საქართველოში ჰაერის დაბინძურებით 100 ათასი ადამიანიდან 290 იღუპება
„საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ“ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შესახებ 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2012 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ამის გამო ყოველი 100 ათასიდან 290 ადამიანი იღუპება. მათივე ინფორმაციით, ყოველწლიურად მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამო 6,5 მილიონი ადამიანი კვდება.
ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება იწვევს ფილტვის სიმსივნეს, ფილტვების ქრონიკულ და გულის დაავადებებს, დაბალ შობადობას, ტუბერკულოზს, კატარაქტას და ხორხის სიმსივნეს.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ჰაერის დაბინძურების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ბავშვები მიიჩნევიან. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰაერის დაბინძურება პნევმონიის მიზეზია.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო პარიზში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელშიც მსოფლიოს 29 ქვეყანა შედის, მათ შორის არიან როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, ასევე აშშ, ავსტრალია, იაპონია, კანადა და ა.შ.


| Print |
FaceBook Twitter Google