საზოგადოება
სანოტარო სერვისები იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში
დღეიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომია. ნოტარიუსი ადგილობრივებს საზოგადოებრივ ცენტრში, კვირაში ერთხელ, მოემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აქვეყნებს.

საზოგადოებრივ ცენტრებში სანოტარო სერვისები გასული წლიდან დაინერგა. ნოტარიუსები მოსახლეობას უკვე ცხრა საზოგადოებრივ ცენტრში ემსახურებიან, მათ შორის, სამი კახეთშია: ყვარელწყალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი), კაბალა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) და უკვე იორმუღანლო (საგარეჯოს რაიონი).

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გასული წლის დეკემბერში დაწყებული ნოტარიატის რეფორმა, რომლის შედეგადაც ნოტარიუსები დაინიშნენ ექვს ისეთ მუნიციპალიტეტში, სადაც მანამდე სანოტარო ბიუროები არ მოქმედებდა. ხოლო ჯერ კიდევ უნოტარიუსოდ დარჩენილ დასახლებებში სანოტარო მოსამხურების მიღება საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

იორმუღანლოს თემში რიგით 34-ე საზოგადოებრივი ცენტრი მიმდინარე წლის 8 ივნისს გაიხსნა.
ადგილობრივების თქმით, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან სხვადასხვა სერვისის მისაღებად საგარეჯოში სიარული აღარ მოუწევთ.


| Print |
FaceBook Twitter Google