საზოგადოება
ღვინიაშვილმა ბაზრობაზე თავისი ჩამოყვანილი ქალები მიიყვანა -გია გერგიძე
გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გამგეობის თანამშრომლების მხრიდან ჩუმლაყში, გლეხებზე განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს. Speqtri.ge გიორგი ღვინიაშვილს დაუკავშირდა.
-„გუშინ ჩუმლაყში ვიყავი და მოსახლეობას შევხვდი. გამგეობიდან იყვნენ ვიღაც თანამშრომლები, ასევე სოფლის რწმუნებულიც, ზუსტად გვარსა და სახელებს ვერ გეტყვით. გლეხებს აჩუმებდნენ, რომ არ ეთქვათ სიმართლე, თუ როგორი ცუდი მდგომარეობაა. ატამს დაბალი ფასი აქვს, ვერ ასაღებენ, ხარჯებსაც ვერ ფარავენ. იძულებულნი არიან მომავალ წელს საერთოდ გაკაფონ ატამი ან ხევში გადაყარონ. ეს ხელისუფლება მოვიდა იმ დაპირებით, რომ გლეხს არ გაუჭირდებოდა, დაეხმარებოდნენ რეალიზაციაში, მაგრამ ბაზრის დივერსიფიცირებაზე არ მუშაობენ. ხალხს დაპირდნენ და გააჩინეს ილუზია, რომ ყველა პროდუქციას რუსეთი აითვისებდა. უნდა გაკეთდეს სამაცივრე მეურნეობები, ამაზე ფაქტობრივად დასრულებული გვქონდა მუშაობა, მაგრამ ვერ მოვასწარით, რადგან ხელისუფლებიდან წავედით. მარტო რუსეთის ბაზარზე ჩამოკიდება როგორ შეიძლება? მით უფრო, რომ იქაც ვერ ხდება რეალიზაცია.“

გამგებელი გია გერგიძე მუქარასთან დაკავშირებულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ჩუმლაყში არსებულ ბაზარზე მდგომარეობის მოსაწესრიგებლად გაგზავნა.

„ ბევრი მყიდველი და გამყიდველი იყო და შეიძლება გზა გადაკეტილიყო. ამიტომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მე გავაგზავნე იქ, რათა ეს პრობლემა არ შექმნილიყო. სულ რომ თავი დავანებოთ და არ მივიდეთ, ღვინიაშვილი ახალ მიზეზს მოიგონებს და იტყვის, არ კადრულობენ იქ მისვლასო. ორი წელია გამგებელი ვარ და ვერ ვიგრძენი, რომ გურჯაანს დეპუტატი ჰყავს. ის იმიტომ აირჩია ხალხმა, რომ კრიჭაში ედგას თავად მოსახლეობას და მთავრობას?! მაგ კაცმა ეგ ვერ ისწავლა. ბაზრობაზე თავისი ჩამოყვანილი ქალები მიიყვანა. იქ ცუდს არავინ ამბობდა, ამიტომ თვითონ მივიდა კამერით და ჩაწერა, რომ საშინელი მდგომარეობა იყო. ფასებს სახელმწიფო ნულისკენ არეგულირებდა „ნაციონალების“ დროს, ატამს ფასი არ ჰქონდა და ლპებოდა. ღვინიაშვილი კრიჭაში უდგას მოსახლეობას, ხალხმა გაიგო, ვინ ვინ არის და მაგას ურჩევია, დაისვენოს.“


| Print |
FaceBook Twitter Google