საზოგადოება
ობობა ტარანტული თბილისში-დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
თბილისსა და მის შემოგარენში ტარანტულების გამოჩენასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.


ტარანტული — ობობასნაირთა კლასის რამდენიმე სახეობის ზოგადი სახელწოდებაა. ტანად საკმაოდ დიდი (20-30 მმ სიგრძის), ფეხსახსრიანი ცხოველია. სოროს იკეთებენ 60 სმ-მდე სიღრმეზე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული Lycosidae-თა რამდენიმე სახეობა. ამათგან Lycosa singoriensis-ს საშიში შესახედაობის გამო „ობობა-მგელს“ უწოდებენ. ყველა ტარანტული მეტ-ნაკლებად შხამიანია, მაგრამ ადამიანისათვის საშიში არ არის.

მოყავისფრო ფერისაა. თხრის ვერტიკალურ სოროებს, რომელთა სიგრძეა საშულოდ 30-40 სმ. შესასვლელი დაფარულია პარკით. ობობა-მგელი დღის განმავლობაში სოროში რჩება, ხოლო ღამით ნადავლის დასაჭერად გამოდის. მეტად აგრესიული ობობაა. შხამიანია. კბენა იწვევს ლოკალურ დალურჯებას და ძლიერი ტკივილის შეგრძნებას ნაკბენის ადგილზე. ადამიანს თავს არ ესხმის და კბენს მხოლოდ მაშინ თუ ეცდებით მის დაჭერას.

რა არ უნდა გააკეთოთ ტარანტულის კბენის შემდეგ?

არ მოიწვათ ნაკბენი. ტოქსიკოლოგები თვლიან, რომ ეს მეთოდი არაეფექტური და საკმაოდ სახიფათოა; არ დასეროთ დაზიანებული ადგილი - ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს; არ დაიზილოთ და მოიქაოთ ნაკბენი ადგილი - ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს;

რა შეიძლება გააკეთოთ ტარანტულის კბენისას?

მოიბანეთ ნაკბენი ადგილი თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული ან ჩვეულებრივი ხელის საბანი საპნით. ამასთან კანი ძლიერ არ დაიზილოთ; დაიმუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკით; დაიდეთ ნაკბენზე ცივი (ყინული, წყალი) 10 წუთით, შემდეგ მოიშორეთ ცივი საფენი 10 წუთით და ისევ გაიმეორეთ პროცედურა. განაგრძეთ პროცედურები სანამ არ შეწყდება ტკივილი; შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ნაკბენი ადგილი განალაგეთ მაღლა; შეინარჩუნეთ სიმშვიდე; მიიღეთ ბევრი სითხე - ეს უზრუნველყოფს ტოქსინების სწრაფ გამოდევნას; ალერგიული რექციის შემთხვევაში - მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი;

იმ შემთხვევაში თუ, ტარანტულმა უკბინა ბავშვს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირს, ან თუ დაზარალებულის თვითშეგრძნება სწრაფად უარესდება - სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.

| Print |
FaceBook Twitter Google