საზოგადოება
„ჰანგებისა“ და „ხარებას“ წარმატებული გამოსვლა ქობულეთში
გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ხარებამ“ ქობულეთში გამართულ ფესტივალზე გრანპრი აიღო, ხოლო ანსამბლი „ჰანგები“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

„ეს იყო საერთაშორისო ფესტივალი „ნარინჯისფერი ქობულეთი“, რომელიც ყოველ წელიწადს ტარდება. წელს სხვადასხვა ქვეყნის 36 კოლექტივი იღებდა მონაწილეობას. ჩვენი ანსამბლების წევრებმა შესანიშნავი გამოსვლა აჩვენეს მაყურებელს და შედეგიც სახეზეა. დაჯილდოება 9-ივლისს უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან ჩვენ შვიდში მოვდიოდით, ჟიურის გადაწყვეტილებით, პრიზები წინასწარ გადმოგვცეს. ანსამბლმა „ხარებამ“ მრავალჟამიერი და „გარეკახური“ შეასრულა, რამაც მაყურებლის დიდი ოვაცია გამოწვია,“ - აღნიშნა ანსამბლ „ხარებას“ ხელმღვანელმა ტარიელ ჯაჭვაძემ.

იქ მიღებულ ემოციებზე საუბრობს ფოლკლორულ ანსამბლ „ჰანგების“ ხელმძღვანელი შორენა ბააცაშვილიც.
„3 ივლისს იყო ფესტივალის გახსნა და ჩვენი სურვილით ორივე ნომერი ერთ დღეს გავიტანეთ. ჰანგებმა წარადგინა სიმღერა „ტაძრები“, რომელიც ქიზიყში დაიწერა და ჯერ არავის უმღერია. მეორე კი „არხოტი“ შევასრულეთ. ძალიან გახარებული ვარ, რადგან ორი მთავარი პრიზი ჩვენ გვერგო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სახლის დირექტორს ქალბატონ ეთერ ლოლაძეს, რომელმაც დაგვაფინანსა და მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელიც ყველანაირად გვერდში გვედგა,“ - აღნიშნა მან.
ანსამბლები „ხარება“ და „ჰანგები“ გასტროლებზე გამგზავრებას კვლავაც აპირებენ, თუმცა სამომავლო გეგმებზე ღიად ჯერჯერობით არ საუბრობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google