საზოგადოება
ფრაქციების თავმჯდომარეებმა კახეთში 1 834 202,22 ლარი ხელფასი აიღეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ჩაატარა კვლევა, რამდენად ეფექტურად მუშაობს ფრაქციები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ორგანიზაციამ კვლევის შედეგები დღეს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიას წარუდგინა.

არასამათავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, კახეთის საკრებულოებში სულ 59 ფრაქცია ფუნქციონირებს. 2014 წლის შემდეგ 59 ფრაქციას სულ 14 ინიციატივა აქვს წარდგენილი. თვითმმართველი ქალაქი თელავის, საგარეჯოს, სიღნაღის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის საკრებულოებში მოქმედ ფრაქციებს საკრებულოში არც ერთი საკითხი არ დაუყენებიათ;

"გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან მიღებული საჯარო ინფორმაცია იმგვარად არის მოწოდებული, რომ ფრაქციების მიერ ინიცირებული საკითხების, განცხადებების, ანგარიშების და სხვა აქტივობების ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია. ორგანიზაციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მომზადებულ პასუხს სისტემური სახე არ მისცა, შესაბამისად, იძულებულები ვართ, საკრებულოდან მიღებული პასუხი ვალიდურად არ ჩავთვალოთ;"- განმარტავენ ორგანიზაციაში.


- თვითმმართველი ქალაქი თელავის საკრებულოში სულ 2 ფრაქცია ფუნქციონირებს. ერთი 2014 წელს ხოლო მერე 2016 წელს შექმნილი. აქედან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხები. ანაზღაურების სახით კი ჯამში აღებული აქვთ 23 905 ლარი.

-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფრაქცია “ქართული ოცნება - რესპუბლიკელების” მიერ 2014 წელს მოხდა დედოფლისწყაროელი სპორტსმენების (ხ. ქოქუაშვილის და მ. ჯანაშვილის) დაჯილდოების საკითხის ინიცირება. საკრებულომ ინიციატივა გაიზიარა.


- სიღნაღის საკრებულოში სულ 6 ფრაქცია ფუნქციონირებს. შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 176 843 ლარი.

-საგარეჯოს საკრებულოში 8 ფრაქცია ფუნქციონირებს შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 259 200 ლარი.

-ყვარლის საკრებულოში
7 ფრაქცია ფუნქციონირებს შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 247 504 ლარი.

-ახმეტის საკრებულოში 9 ფრაქცია ფუნქციონირებს შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 262 305 ლარი.

- ლაგოდეხის საკრებულოში 9 ფრაქცია ფუნქციონირებს შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 199 305,3 ლარი.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გურჯაანის საკრებულოს მიერ გადაგზავნილი წერილი კი  ინიციატივების ანგარიშების, განცხადებებისა და ფრაქციების სხვა სახის აქტივობებისგან გამიჯვნა/იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.

საჯარო ინფორმაციის თანახმად, ფრაქციების ჩამოყალიბების დღიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდში ფრაქციის თავმჯდომარეებს შრომის ანაზღაურების სახით  1 834 202,22 ლარი აქვთ აღებული.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ ფრაქციაში, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები.

ფრაქციის შექმნის მთავარი მიზანი საკრებულოს წევრის იმ უფლებამოსილებების ეფექტიანი რეალიზებაა, რომელიც ამა თუ იმ საკითხის ინიცირების უფლებას, თანამდებობის პირთა თუ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენას, მუნიციპალური სამსახურების საქმიანობის შესწავლას და ა.შ. მოიცავს.


| Print |
FaceBook Twitter Google