საზოგადოება
ყირიმ-კონგოს ცხელება-რეალური საფრთხე, რისკები და თავდაცვის მეთოდები
ყირიმ-კონგოს ცხელებით რამდენიმე დღის წინ ამბროლაურის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ტკიპამ უკბინა და მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


აღნიშნულმა ფაქტმა დაავადების შესახებ საზოგადოებაში ინტერესი გამოიწვია. როგორც გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგ-პარაზიტოლოგმა ნანა ჯადუგიშვილმა განმარტა, წელს ვირუსით რამდენიმე ადამიანი დაავადდა, აქედან ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
„2009 წლიდან დღემდე დაინფიცირების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის: ბაღდათში, გორში, ხაშურში, დმანისში. კახეთში არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. დაავადებას სეზონურობა ახასიათებს და მაისიდან აგვისტოს ჩათვლით ვლინდება.“-აღნიშნა მან.

ნანა ჯადუგიშვილი დაავადების სიმპტომებზე და გავრცელების რისკებზეც გვესაუბრა.
„ ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს. ვირუსის გადამტანი ასევე შეიძლება იყოს გარეული და შინაური ცხოველი, მაგალითად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა. ცხოველის დაინფიცირება ხდება ინფიცირებული ტკიპის ნაკბენით და ვირუსი სისხლში რჩება დასნებოვნებიდან ერთი კვირის განმავლობაში.დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის 39-40°С–მდე აწევით. აღინიშნება მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა, კუნთების, სახსრების, მუცლის არეში ტკივილი, ზოგჯერ თან ახლავს ღებინება, სახის, კისრის და გულმკერდის ზედა ნაწილის კანის გამოხატული სიწითლე. დაავადებულთა დაახლოებით 40% იღუპება. ხშირ შემთხვევაში, მკურნალობას არ ექვემდებარება. სადაც დაავადების კერაა, იქ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ცხოველებთან ურთიერთობას. ვისარგებლოთ სპეცტანსაცმლით და ხელთათმანით. საჭიროა ხელების ხშირი დაბანა და ცხოველების დამუშავება ტკიპის საწინააღმდეგო წამლით.“-აღნიშნა მან.

ყირიმ-კონგოს ცხელება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა, მოგვიანებით კი კონგოში, ნიგერიაში, სენეგალსა და კენიაში აღირიცხა.


| Print |
FaceBook Twitter Google