საზოგადოება
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რიცხვი 8 232-ით გაიზარდა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ რეგიონებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყნის ყველა რეგიონში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რაოდენობა და იქ დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა.

-" ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი და ამასთან, ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს."- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.


მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო (2014 წლის) არჩევნების შემდეგ:

-ქვეყნის მასშტაბით (თბილისის გარდა) არსებულ მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა 84 ერთეულით (695-დან 779-მდე) გაიზარდა;

-მუნიციპალურ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 232 პირით (36540-დან 44772-მდე) გაიზარდა;

-დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდის შესაბამისად, შეიცვალა შრომის ანაზღაურების მოცულობა - 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ა(ა)იპებში დასაქმებულთა ხელფასებზე მუნიციპალიტეტები ჯამში 4 245 152,6 ლარით მეტს ხარჯავენ, ვიდრე 2014 წლის არჩევნებამდე (11126350.24 ლარიდან 15371502.81 ლარამდე); შესაბამისად, ანალოგიური წლიური დანახარჯი 50 941 831,2 ლარით გაიზარდა;

მათი ინფორმაციითვე, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა ყველაზე დიდი რაოდენობით (29 ერთეულით) დაფუძნდა რაჭა-ლეჩხუმში, ერთადერთი რეგიონი, სადაც მსგავსი პირების რაოდენობა შემცირდა ( შიდა ქართლია - ცალკე ა(ა)იპად დარეგისტრირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ იურიდიულ პირში გაერთიანდნენ), თუმცა ამას დასაქმებულთა რაოდენობა არ შეუმცირებია, პირიქით, სხვა რეგიონების მსგავსად, მათი რაოდენობა შიდა ქართლშიც გაიზარდა;

ყველაზე მეტად ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში (1713 ერთეულით) და გურიაში (984 ერთეულით) გაიზარდა; ზრდის ყველაზე მცირე მაჩვენებელი კი სამცხე-ჯახავეთსა (347 ერთეულით) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში (408 ერთეულით) აღინიშნა;

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოზიციით, მუნიციპალიტეტებში ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნება ხშირ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გარეშე ხდება, რაც მწირი მუნიციპალური ფინანსური რესურსების კიდევ უფრო მეტად არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ა(ა)იპ /