საზოგადოება
საბავშვო ბაღების აღმზრდელების გადამზადების პროგრამა იწყება
პირველად საქართველოში შეიქმნა კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში ინკლუზიური, ადრეული და სკოლამდელი განათლებისთვის ეროვნული სტანდარტების დამკვიდრებას.

სიახლე ითვალისწინებს, რომ ყველა ბავშვს საქართველოში ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი, უფასო სკოლამდელი განათლება.
როგორც გურჯაანის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, ადრეული განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა პედაგოგთა გადამზადების პროგრამით დაიწყება.
„ძალაში შევიდა ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონი და მისი განხორციელების ეტაპები დაიწყო. გაიწერა გეგმა, თუ რა საკითხები უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მალე დაიწყება და სავარაუდოდ, 2017 წლის პირველი აპრილისთვის დამთავრდება. ის სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთა გადამზადებას მოიცავს, რასაც სავარაუდოდ, თავის თავზე აიღებს განათლების სამინისტრო. მათ მიერ ჩატარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები. სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს დაუბრუნდებათ პედაგოგის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამაღლდება აღმზრდელების დონე, რაც მათ სახელფასო ანაზღაურებაზეც აისახება. “

ლელა თევდორაშვილის თქმითვე, მეორე ეტაპზე ყველა სკოლამდელი დაწესებულებისთვის შეიქმნება ერთიანი ბაზა და დაიდება ერთიანი სტანდარტი: სააღმზრდელო სფეროს, კვების, სანიტარულ-ჰიგიენური პირობებისა და ინფრასტრუქტურის მიხედვით.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, რეფორმის პრეზენტაცია სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წარმოდგენილი იყო რეფორმის განხორციელების გეგმა.

| Print |
FaceBook Twitter Google