საზოგადოება
გურჯაანში „საარჩევნო განვითარების სკოლა“ გაიხსნა
დღეს გურჯაანში საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისში საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა, რომელშიც 25 ახალგაზრდაა გაერთიანებული.


„ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წელსაც აგრძელებს შარშან დაწყებულ პროექტს. დღეს საქართველოს მასტაბით 20 მუნიციპალიტეტში გაიხსნა საარჩევნო განვითარების სკოლები. ამ ორი კვირის მანძილზე ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც საარჩევნო პროცესი ჰქვია. კურსის დამთავრების შემდეგ ისინი შეძლებენ იყვნენ თავიანთი ქვეყნის ინფორმირებული მოქალაქეები. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ გვჯერა, მისი დასრულების შემდეგ ქვეყანა მიიღებს საარჩევნო პროცესით დაინტერესებულ და გათვითცნობიერებულ ახალგაზრდებს“. -აღნიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.


პროექტში, რომელიც „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს მასშტაბით სულ 680-მდე ახალგაზრდაა ჩართული.
სასწავლო კურსის მონაწილეები 10 დღის განმავლობაში შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და სხვა.

ტრენინგებს საოლქო კომისიის წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ, რომლებიც სწავლების ცენტრმა გადაამზადა.

| Print |
FaceBook Twitter Google