საზოგადოება
გახდა თუ არა გიორგი ღვინიაშვილის რეკომენდაცია სასამართლოს მანდატურის გათავისუფლების მიზეზი

გურჯაანის რაიონული სასამართლოს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს მანდატური ივანე სეფიაშვილი დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის პირველ ივლისს გაათავისუფლეს.  გურჯაანის რაიონული სასამართლოს მენეჯერის ეკა მელიქიშვილის თქმით, საფუძველი სამსახურის ხშირად გაცდენა გახდა, თუმცა პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს თავად ივანე სეფიაშვილი.

-“პირნათლად ვასრულდებდი ჩემს მოვალეობას, არასდროს გამიცდენია. მხოლოდ ერთი საყვედური მქონდა, რამდენიმე წუთით ადრე დავკეტე სასამართლოს შენობა. ალბათ , იმიტომ გამათავისუფლეს, რომ წინა ხელისუფლების დროს დავინიშნე, გიორგი ღვინიაშვილის რეკომენდაციით, თორემ სხვა მიზეზი არ არსებობს. აღნიშნულ პოზიციაზე 2012 წლის ხუთი თებერვლიდან ვმუშაობდი, ჩალაუბნიდან ვარ და ამიტომ, ადმინისტრაციის ნებართვით, სასამართლოში ვრჩებოდი- ხოლმე. არ ვიცი, შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს.“

საკითხის გასარკვევად გურჯაანის რაიონული სასამართლოს მენეჯერს ეკა მელიქიშვილს დავუკავშრდით.
-„ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს მანდატურის ივანე სეფიაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას. კერძოდ, იგი სისტემატურად აცდენდა და სამუშაო საათებში თვითნებურად ტოვებდა სამსახურს. მას ამის შესახებ არაერთხელ მიეცა, როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი შენიშვნა, მაგრამ ის, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, კვლავ აგრძელებდა აღნიშნულ ქმედებას. საბოლოოდ, სამსახურიდან გათავისუფლდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის საფუძველზე, როდესაც მან თვითნებურად 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვა სამსახური.“

აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს ივანე სეფიაშვილი და მენეჯერის საპირისპირისპირო არგუმენტებს ასახელებს.
„მიზეზი მომიდეს, ხუთი დღე არ გამოცხადდი და გათავისუფლებული ხარო. სინამდვილეში, 25 ივნისს გურჯაანის რაიონული სასამართლოში, ჩემი სამსახურის გასაღები თვითონვე გამომართვეს. ვკითხე, როგორ მოვიქცე -თქო. ასე მიპასუხეს, გურჯაანის სასამართლოს მანდატურები ივლიან ლაგოდეხში და შენს საქმეს უფროსობა შეისწავლისო. ამის შემდეგ სამსახურში ჩემი სურვილით ხომ არ გამოვცხადდებოდი?! მერე გათავისუფლების ბრძანებაც დაწერეს.“

ივანე სეფიაშვილისვე თქმით, სასაამრთლოს ყველა თანამშრომელმა, ივნისის თვეში, ხელფასთან ერთად პრემიაც აიღო. მას კი მხოლოდ ხელფასი გადაუხადეს.

წინასაარჩევნო პერიოდში სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს სწავლობს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ შუალედური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების- 3, ძალადობის - 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის - 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი.
| Print |
FaceBook Twitter Google