საზოგადოება
როგორ ავიცილოთ თავიდან ნაწლავური ინფექციები
ზაფხულში ნაწლავური ინფექციის გავრცელების რისკები იზრდება. რომელი პროდუქტები არ უნდა მივიღოთ დაავადების თავიდან ასაცილებლად და როგორ შევინახოთ საკვები, ამის შესახებ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმი პროფილაქტიკოსი ეკა ბურდიაშვილი გვესაუბრება.


„ნაწლავური ინფექციები და მწვავე დიარიული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, მაგრამ დაავადების დაახლოებით 50%, ძირითადად, ზაფხულში მოდის. პათოგენური მიკრობი მაღალ ტემპერატურაზე აქტიურდება, სწორედ ამიტომ, არის საშიში ზაფხული. გვხვდება როგორც ერთეული, ასევე ჯგუფური შემთხვევები. ჯგუფური შემთხვევები შეიძლება სასმელი წყლითაც იყოს გამოწვეული. ამიტომ თუ, წყლის ვარგისიანობაში ეჭვი გეპარებათ, სასურველია გადადუღებული ფორმით მიიღოთ. დღესდღეობით რაიონში ნაწლავური ინფექციის ერთეული შემთხვევები გვაქვს, რაც ჩვეულებრივ ნორმის ფარგლებში ჯდება. რაიმე განსაკუთრებული პროგნოზი არ გაგვაჩნია, თუმცა ზაფხული წინ არის,“ - გვითხრა ეკა ბურდიაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე საჭიროა პროდუქტების სწორად შერჩევა და შენახვა.
„პრევენციის მიზნით მოსახლეობას მოვუწოდებთ, საჭირო საკვები პროდუქტები ისეთ პირობებში შეინახონ, რომელიც არ დააზიანებს მათ ჯანმრთელობას. მაცივარში ცალ-ცალკე უნდა განვათავსოთ უმი და მზა პროდუქტი. საჭმელი სასურველია ყოველი მოხმარების წინ გადადუღდეს. “

ეკა ბურდიაშვილის განმარტებით, დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ზაფხულის პერიოდში სასურველია მოსახლეობა მოერიდოს კრემიან ნამცხვარს, შებოლილ საკვებს, ძეხვეულს და თევზს.


| Print |
FaceBook Twitter Google