საზოგადოება
"ავტოსაგზაო შემთხვევების კატასტროფული ზრდის მიზეზი საგანმანათლებლო სისტემაა"
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ყოველწლიურად 600-ზე მეტი გარდაცვლილი და 10 ათასზე მეტი დაშავებულია - ამ მონაცემებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის კატასტროფული ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საგანმანათლებლო სისტემას ასახელებს.

"დღეს საქართველოში ათასზე მეტი ავტოსკოლაა, მათი დიდი ნაწილი არ არის აღჭურვილი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ავტოსკოლები ამზადებენ მოსწავლეებს მხოლოდ იმისთვის, რომ მართვის მოწმობა აიღონ, რისთვისაც იყენებენ არაერთ ხრიკს. არ არსებობს ერთიანი სასწავლო პროგრამა, სასწავლო ავტომობილები არ არიან აღჭურვილები დამატებითი სატერფულებით, უკანა ხედვის სარკით, ხოლო ოფისები საგზაო ნიშნებით. არადამაკმაყოფილებელია პედაგოგ-ინსტრუქტორების კვალიფიკაციაც. არის შემთხვევები, როდესაც გაკვეთილებს ატარებენ პედაგოგები, რომელთაც თავად არ აუღიათ მართვის მოწმობა. გამოჩნდა ახალი მეთოდიც, სახლში მისვლით მომზადება, რაც კატეგორიულად მიუღებელია."- აღნიშნა მან.

დავით მესხიშვილისვე თქმით,  იმ ავტოსკოლებისთვის, რომლებიც C, D, E კატეგორიებში ამზადებენ, აუცილებელია სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილება.

-"ლიცენზიას იღებენ ისე, რომ პრაქტიკულად არ ხდება მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმება თუ ვისზე ხდება ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის გაცემა. შედეგად ვიღებთ მართვის მოწმობიან მძღოლებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ცოდნა ავტომობილის მართვის შესახებ, არ ფლობენ შესაბამის უნარებს (მართვა წვიმაში, თოვლში, მოყინულზე, ღამით. კონტრავარიული მართვის ცოდნა). საჯარო სკოლებში გარკვეულ (უფრო გაურკვეველ) გაკვეთილებს ატარებენ მანდატურები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია. საჯარო სკოლაში აღებული ცნობით კი, მოსწავლეს შეუძლია გამოცდაზე გასვლა ისე, რომ საერთოდ არ გაიაროს პრაქტიკული კურსი."

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო სისტემა შეუსაბამობაშია ადგილობრივ კანონმდებლობასთან. მათივე პოზიციით, საჭიროა სისტემის რეფორმირება, საკანონმდებლო ცვლილებების გატარება და მისი მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში.



| Print |
FaceBook Twitter Google