საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის
დღეიდან ყველა სამედიცინო ჩანაწერი, ეტაპობრივად ელექტრონულ ფორმატზე გადავა. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


სერგეენკოს განცხადებით, ელექტრონული რეცეპტი არის ცენტრალიზებული სისტემა,რომელიც გამოყენებული იქნება ყველა ექიმის, პაციენტისა და სააფთიაქო დაწესებულების მიერ.
" სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება გადავა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე, მისი პირველი სასწრაფო ეტაპი ახლა დაიწყება, ეს არის ელექტრონული რეცეპტი. ტესტირება დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ, ტექნიკური ხარვეზები გამოსწორებულია და დღეიდან ის ამოქმედდება .მისი უპირატესობა პირველ რიგში არის ის, რომ მოიხსნება ქაღალდის ტარების საჭიროება, რაც დიდი კომფორტია, რადგან პაციენტს ექიმთან ვიზიტისას შეეძლება მხოლოდ მისი სახელი- გვარით და პირადი ნომრით მისცეს საშუალება ექიმს, რომ გააქტიუროს მისი სრული დანიშნულება, ისტორია. რეცეპტი გამოიწერება ასევე ელექტრონულად და აფთიაქებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ ქსელში, მაშინვე ექნებათ წვდომა, პაციენტი ეტყვის მის პირად ნომერს და აფთიაქი გასცემს დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტს" განაცხადა სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, პაციენტის ნებართვის გარეშე მის მონაცემებს ვერავინ ნახავს. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე პროგრამაში გარკვეული სააფთიაქო ქსელები და ჯანმრთელობის ცენტრები ჩაერთვებიან, დროთა განმავლობაში კი ელექტრონული რეცეპტის გაცემის პროექტი მთელს საქართველოს მოიცავს.

| Print |
FaceBook Twitter Google