საზოგადოება
ლაგოდეხში მეთორმეტე საუკუნის ნამოსახლარს მიაგნეს
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ზემო მსხალგორში არქეოლოგიური გათხრების დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნის ნამოსახლარს მიაგნეს. კომპლექსი ამ დრომდე მიწით იყო დაფარული.

წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია ფეოდალის სამოსახლო, ეკლესია და დამხმარე სათავსოები. 600 მეტრის რადიუსზე განთავსებულ კომპლექსში სამი სხვადასხვა ზომის ქვის საწნახელიც აღმოჩნდა, რაც არქეოლოგიაში იშვიათი შემთხვევაა და ნამოსახლარის ტერიტორიაზე ყურძნის გადამუშავებას ადასტურებს.
ტაძარზე მიშენებული სათავსოების გაწმენდის დროს სამი მეტრის სიღრმეზე მოზარდების ჩონჩხის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ზემო მსხალგორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უკვე მიენიჭა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მუზეუმში იქნება დაცული.


| Print |
FaceBook Twitter Google