საზოგადოება
ბრაკონიერები ლაგოდეხის ნაკრძალში რეინჯერებს თავს დაესხნენ
ლაგოდეხის ნაკრძალში, კარაბინებით შეიარაღებული ნიღბიანი ბრაკონიერები თავს დაესხნენ რეინჯერებს, რომლებიც მათ დაკავებას ცდილობდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი გიორგი სულამანიძე ავრცელებს.

-"7-8 აგვისტოს ანტიბრაკონიერულ ღონისძიებას ვატარებდით, რაშიც 4 რეინჯერი იყო ჩართული. თავდაპირველი ინფორმაციით 2 ბრაკონიერი იყო შესული ნაკრძალში სანადიროდ. როგორც ბოლოს გაირკვა, კონკრეტულ ხეობაში ორი სხვადასხვა ჯგუფი მოქმედებდა. პირველი ორ კაციანი ჯგუფი 7 აგვისტოს დილით დავაკავეთ.  ბრაკონიერები ზემოდან ქვემოთ ეშვებოდნენ ნიღბებით და კარაბინებით შეიარაღებულები, რეინჯერების დანახვისას იარაღები გადაუტენეს რეინჯერებს და ქვები დაუგორეს, ქვათა ცვენაში 1 რეინჯერი დაგვიზიანდა ქვა თავში მოხვდა. დაზიანებლი რეინჯერი საავადმყოფოში გადავიყვანეთ სადაც ჭრილობა დაუმუშავდა და ნაკერები დაედო."

მისი თქმით, ბოლო წლების აქტიური მუშაობის შედეგად, დაცულ ტერიტორიაზე ნადირი საკმაოდ მომრავლდა. გიორგი სულამანიძე ვარაუდობს, რომ ამის გამო ბრაკონიერები საგრძნობლად გააქტიურდნენ.

- "მხოლოდ ბოლო 10 დღის განმავლობაში 6 ანტიბრაკონიერული ღონისძიება ჩავატარეთ. ჩვენ საქართველოს მომავალს, საგანძურს ვიცავთ, გვაქვს სახელმწიფოს და საზოგადოების მხარდაჭერა, გვაყავს მაგარი გუნდი და გავაგრძელებთ მუშაობას კიდევ უფრო დიდი შემართებით და მონდომებით, არ მივცემთ ბრაკონიერებს 90-იანი წლების განმეორების შესაძლებლობას.  90-იან წლებში განუკითხავი ბრაკონიერობის შედეგად ლაგოდეხის ნაკრძალში მსხვილ ძუძუმწოვართა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. 1989 წლის აღრიცხვებით აქ 1400 ირემი და 2500 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ბინადრობდა. ხოლო 1999 წლის აღრღიცხვებით 70 ირემი და 120 ჯიხვი იყო დარჩენილი."

მომხდარზე  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  აღნიშნულ ფაქტს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველო იძიებს.



| Print |
FaceBook Twitter Google