საზოგადოება
გიორგი ანწუხელიძე დღეს 32 წლის გახდებოდა
საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 32 წლის გახდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდნენ.
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებთან ერთად სერჟანტთა მომზადების ცენტრსაც ესტუმრნენ, რომელიც გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

- "დღეს გმირი გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. სერჟანტის რომელმაც ისტორია შექმნა. გიორგიმ აგვისტოს ომში სიმამაცით, ერთგულებით, საკუთარი ქვეყნის სიყვარულით მოწინააღმდეგის გაუგონარ სისასტიკეს ისეთი შეუდრეკელი და მტკიცე სული დაახვედრა, რომ თავად მტერიც გააოცა. 24 წლის ვაჟკაცმა სამშობლოს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დაუთმო. დღეს გიორგიმ თითოეული ქართველის გმირობის ისტორია ხელახლა გააცოცხლა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენც შეგვიძლია, ჩვენც გვევალება ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული სიკვდილი." - აღნიშნა თავდაცვის მინსტრმა, ლევან იზორიამ.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ალვანში დაიბადა. ის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. 24 წლის სამხედრო 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ, ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

| Print |
FaceBook Twitter Google