საზოგადოება
დღეს ფერისცვალებაა
დღეს 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიებში წირვა-ლოცვა აღევლინება. მორწმუნეებისთვის ფერიცვალების დღე თევზით ხსნილია.
ეს დღე 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე, მარკოზი და ლუკა.

უფალმა კარგად იცოდა, რომ მოახლოებულ იყო დრო მისი ჯვარცმისა. მას სურდა, რომ მოწაფეებისათვის ეჩვენებინა თავისი ღვთაებრივი ნათელი, რათა ისინი არ დაბრკოლებულიყვნენ ჯვარცმული მაცხოვრის ხილვისას და სცოდნოდათ, რომ ეს საშინელი სასჯელი ქრისტემ საკუთარი ნებით მიიღო და არა უძლურების გამო.
ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ ყოველ 19 აგვისტოს, უფლის ფერისცვალების დღეს, მზიან, უღრუბლო ამინდში, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე თეთრი ქათქათა ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. რომელსაც იქ მყოფი მორწმუნეები ხელით ეხებიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, ღურბელი ნელ-ნელა იფანტება. იგი კიდევ ერთხელ ახსენებს ადამიანებს იმ სახარებისეულ ღრუბელს, რომლიდანაც გაისმა ხმა მამისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი..."

Speqtri.ge ულოცავს სრულიად საქართველოს ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს!

| Print |
FaceBook Twitter Google