საზოგადოება
ხელშეშლა ჟურნალისტურ საქმიანობაში პოლიციელების მხრიდან
media.ge-სა და რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტმა, დავით მჭედლიძემ გაავრცელა ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ მას ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გადაღების საშუალებას არ აძლევენ.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, რუსთავში ის მიტოვებულ შენობაში არსებული კონფლიქტის გადასაღებად მივიდა. მას შემდეგ, რაც გადაღება დაიწყო, პოლიციელმა ყელში ხელი წაუჭირა, მეორე ხელით კი კამერის წართმევას ცდილობდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ის მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოიკვლიოს მომხდარი ფაქტი და დადგეს იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ჟურნალისტს არ მისცა პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები უდიერად ექცევიან ჟურნალისტებს და არ აძლევენ მუშაობის შესაძლებლობას. ამგვარი ინცინდენტის რეაგირების გარეშე დატოვება ახალისებს ძალადობას ჟურნალისტების მიმართ."- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია.



| Print |
FaceBook Twitter Google