საზოგადოება
ლევან იზორია ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში, თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად ჩაერთვება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხვალ თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, დაკარგული ქართველი სამხედროების ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.
ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე შემოსულია და სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით.  აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაწყებისთანავე პირად კონტროლზე აიყვანა.

„მე მშობლებს სიტყვა მივეცი და პირადად ვაკონტროლებ ჩვენი ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებსა და გამოძიების მიმდინარეობას. ბუნებრივია, საზოგადოებასაც ვპირდები ამას. როგორც კი ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით რაიმე დეტალი გახდება ცნობილი, მოვახსენებ უშუალოდ საზოგადოებას, მათ შორის, მშობლებსაც“ - აღნიშნა ლევან იზორიამ კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში.

ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.
| Print |
FaceBook Twitter Google